სტომატოლოგიური იმპლანტატები

სტომატოლოგიური იმპლანტატები წარმოადგენენ ტიტანის ხრახნებს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ხელოვნური ფესვები. ისინი ქირურგიული წესით თავსდებიან ზედა ან ქვედა ყბის ძვალში ქირურგი- სტომატოლოგის ან პაროდონტოლოგის მიერ.

სტომატოლოგიური იმპლანტატები წარმოადგენენ ერთი ან მეტი დაკარგული კბილის შეცვლის თანამედროვე მეთოდს. ისინი შეიძლება აგრეთვე გამოიყენონ სრული ან ნაწილობრივი პროტეზის ფიქსაციისთვის.

იმპლანტატების დაყენების პროცესი საკმაოდ მარტივია და საჭიროებს ერთ ან ორ ეტაპს.

წარმატებული იმპლანტაციის საფუძველს წარმოადგენს სათანადო მკურნალობის გეგმა. სამუშაო მოიცავს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, ყბებისა და კბილების მოდელების შესწავლას, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას, რათა განისაზღვროს ძვლის სისქე, სიმაღლე და სხვ.

როგორც კი გეგმას საბოლოო სახე მიეცემა, იმპლანტატები თავსდება ქირურგიული წესით. იმპლანტატები უნდა შეერწყონ ძვალს, ზოგჯერ ამ პროცესს რამოდენიმე თვე მიაქვს. იმპლანტატების ჩასმის შემდეგ სრულდება მეორე პროცედურა, რომელიც მდგომარეობს იმპლანტატებზე პროთეზირებაში.