ფესვის არხის მკურნალობა

ყოველი კბილის შიგნით არის რბილი ქსოვილები,რომელიც შედგება ნერვისაგან და სისხლძარღვებისაგან. როდესაც კბილს ბზარი ან ღრმა ფუღურო გაუჩნდება, ბაქტერიებს შეუძლიათ შეაღწიონ რბილ ქსოვილებში და ამით შეიტანონ ინფექცია კბილის შიგნით. ყბის ძვალში მდებარე ფესვის წვერის გარშემო წარმოიშობა ანთებითი კერა. თუ დროულად არ ჩატარდა მკურნალობა შეიძლება დაზიანდეს მთლიანად ყბის ძვალი და სერიოზული საფრთხე შეექმნას თქვენს ჯანმრთელობას.

სტომატოლოგიური პროცედურის წყალობით, რომელსაც ეწოდება ფესვის არხის მკურნალობა, თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ასეთი კბილი.

ხშირ შემთხვევაში, მკურნალობა ითვალისწინებს ორ-სამ ვიზიტს. მკურნალობის დროს, სტომატოლოგი მოაშორებს დაზიანებულ ქსოვილებს. ამის შემდეგ, სუფთავდება და გერმეტიზაციას ექვემდებარება კბილის კამერა და ფესვების არხები. ხშირ შემთხვევაში, კბილებს, რომლებზეც ტარდება ენდოდონტური მკურნალობა, სჭირდებათ გვირგვინის გადაკვრა, რათა გამყარდეს დარჩენილი ნაწილი.